ბულგარეთმა მალტას იოლად მოუგო
B ჯგუფში პირველი თამაში ბულგარეთისა და მალტის ნაკრებებს შორის გაიმართა. ბულგარელების უპირატესობა პირველივე წუთიდან აშკარა იყო. ისინი შესვენაზე 17 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 23:6.
შესვენების შემდეგ ბულგარელების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. საბოლოოდ შეხვედრა დასრულდა 38:13.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 10 გოლის ავტორი სვეტლინ დიმიტროვი, ხოლო დამარცხებულთაგან 6 გოლის გამტანი ლაიამ ჰარისონი.
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა კარასტოიანოვი: ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ფიზიკურად კარგად მომზადებულები ჩამოვედით. დაცვაში კარგად ვთამაშობთ. გარდა ამისა ბევრი იოლი გოლი გავიტანეთ. მალტამ მაქსიმუმი გააკეთა და მე მათ მომდევნო შეხვედრებში წარმატებას ვუსურვებ. ჩემი აზრით, პირველი დღისთვის კარგად ვითამაშეთ. ცუდი ის არის, რომ პირველი შეხვედრა იოლი გვქონდა, რამაც უფრო ძლიერ მეტოქეებთან კონცენტრირებაში შეიძლება ხელი შეგვიშალოს.
მალტის ნაკრების მწვრთნელი ჯოზეფ ატარდი: ბულგარეთი B ჯგუფის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მათთან გამარჯვებას არ ველოდით, მაგრამ ასეთი დამარცხებაც მეტისმეტი იყო. მეტოქეთა შეტევებს ვერ გავუმკლავდით. მეორე ტაიმით უფრო კმაყოფილი ვარ.