ქართველების სამიდან სამი
ირლანდიის ნაკრებმა ქართველების ზეწოლას მხოლოდ პირველი 11 წუთის განმავლობაში გაუძლო.
ამ ხნის განმავლობაში ტურნირის მასპინძლების ყოველ გოლს ისინი გოლითვე პასუხობდნენ და ანგარიში იყო 4:4, მაგრამ შემდეგ გულშემატკივრების მხარდაჭერით შეგულიანებულმა საქართველომ მეხუთე გაიტანა, მას მეექვსე მიაყოლა და თანდათანობით გაზარდა სხვაობა.
პირველი ტაიმი დამთავრდა 16:7. შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა. პირიქით, საქართველომ კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა და საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით მოიგო – 37:17.
ამრიგად, B ჯგუფში სამი თამაშიდან სამი მოგებით ლიდერობს საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს. 12 ივნისს ქართველები აშშ-ს ხვდებიან.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს, ქართველთაგან მეკარე შოთა თევზაძე, ხოლო ირლანდიელთაგან მარჯვენა ინსაიდი ვანდუივენორდ ბლეიქი.
ვანდუივენორდ ბლეიქი: დღეს სათამაშოდ დაუძაბავად გავედით, რადგან ვიცოდით, რომ რომ საქართველო ძლიერი მოწინააღმდეგე იქნებოდა, რომელიც პირველივე ტურიდან ყველა შეხვედრას იგებს და ცხრილში ლიდერობს. ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ მეტოქის სწრაფი შეტევები შეგვენელებინა და დრო მოგვეგო. სამწუხაროდ, ჩვენც მოგვიხდა ტემპში აყოლა და სწრაფ თამაშში ბურთს ვკარგავდით. მეტოქე ყველა შეტევას ხორცს ასხამდა, რაც გასაგებია, რადგან ის მთელი ტურნირის განმავლობაში ფანტასტიკურად თამაშობს. საბოლოოდ მაინც თავაწეულებმა დავასრულეთ თამაში, საპასუხო გოლებიც გავიტანეთ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა.
ბექა ორჯონიკიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ამიტომ სტარტი დაძაბული გამოდგა, თუ არ ვცდები 4:4 იყო ანგარიში. შემდეგ მეკარემ და დაცვამ ძლიერად ითამაშეს, შეასრულეს ყველა დავალება რაც მწვრთნელებმა მივეცით და შედეგიც დაიდო. მეორე ნახევარში ყველას მივეცით თამაშის საშუალება. მეკარემაც კი გაიტანა. 14 მოთამაშიდან 13მა შეაგდო.