ჩინეთმა გამარჯვებით დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა მე-3 ჩემპიონატი. პირველ შეხვედრაში ერთმანთს A ჯგუფის გუნდები კოლუმბია და ჩინეთი შეხვდნენ. ჩინეთის ნაკრებმა 28:25 დაამარცხა სამხრეთ ამერიკელი მოწინააღმდეგე.

თავიდან კოლუმბია დაწინაურდა, მაგრამ ჩინელებმა სასტარტო წარუმატებლობას დამაჯერებლად სძლიეს და 5:0 გაქცევის შემდეგ ანგარიში გახდა 6:5 მათ სასარგებლოდ.

ჩინელთა გუნდურობას კოლუმბიელთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული სებასტიან რესტრეპო პასუხობდა კარგი ინდივიდუალური თამაშით. მან ამ მატჩში 10 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი დასრულდა 10:10.
შესვენების შემდეგ ჩინელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო. კოლუმბიელებს ერთხელ ჰქონდათ გათანაბრების საშუალება, მაგრამ ვერ შეძლეს.

ჩინელთაგან საუკეთესოდ დაასახელეს 8 გოლის ავტორი ლი ჟაოპენგი.

კოლუმბიის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე სებასტიან რესტრეპო: რთული პირველი მატჩი გამოვიდა. ვნერვიულობდით. მოედანზე ახალგაზრა მოთამაშეები ვიყავით. ჩემპიონატისთვის გულდასმით ვემზადებოდით. განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ვმუშაობდით ინტენსიურად. ჩვენი ძლიერი მხარე ერთი ერთზე თამაშია. ჩვენს თამაშს 10-დან 7 ქულას დავუწერდი.

ჩინეთის ნაკრების მწვრთნლი იაო სუჯიე: უპირველეს ყოვლისა გვიხარია ეს თამაში რომ მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ ასევე წარმატებით განვაგრძობთ. პირველი ტაიმი ფრედ იმიტომ დასრულდა, რომ საუკეთესო შემადგენლობით არ ვთამაშობდით. ჩვენი გუნდი სხვეებზე ახალგაზრდულია.