საქართველო ჩემპიონია!
საქართველოს ნაკრები IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!ფინალი საინტერესო და ემოციური გამოდგა. კუბის ძლიერმა ნაკრებმა 25 წუთის განმავლობაში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია ტურნირის მასპინძლებს, რომელთაც ტრიბუნებიდან ერთგული გულშემატკივარი ამხნევებდა. თბილისის სპორტის სასახლეში საზეიმო, სპორტული ატმოსფერო სუფევდა.
პირველი ტაიმის 25-ე წუთზე კუბელები ერთხელ წინაც კი გავიდნენ 10:9, მაგრამ საქართველომ მალევე გაათანაბრა და კვლავ წინ გავიდა. პირველი ნახევარი დასრულდა 14:10 საქართველოს სასარგებლოდ.
შესვენების შემდეგ დაძაბული ბრზოლა არ შენელებულა, თუმცა ქართველებმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, სხვაობას თანდათანობით ზრდიდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს ანგარიშით 31:21.
საქართველოს ნაკრები იმავდოულად გახდა ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესოც, რის გამოც მან ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
ნიკოლა მაქსიმოვიჩი, საქართველოს მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში მე უნდა მივულოცო ჩვენ ბიჭებს და დამხმარე პერსონალს, რადგან ისინი გვეხმარებოდნენ რომ ასეთი კარგი შედეგი მიგვეღო. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ჩვენი დაცვა იყო, რომელშიც საუკეთესონი ვიყავით. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე მეკარე და მე ვიზიარებ ჩვენი ბიჭების სიხარულს.