გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე – სპორტული დარბაზი საქართველოს დედაქალაქ თბილისში. დარბაზი დიდი დასწრებადობით მასპინძლობს საკალათბურთო, სახელბურთო, საჩოგბურთო, ძიუდოს, კრივის შეხვედრებს. 1957 წელს დაწყებული მშენებლობა დასრულდა 1961 წელს. შენობა გაიხსნა იმავე წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია.

შენობა თავიდანვე გამოიყენებოდა საკალათბურთო შეხვედრებისათვის, მასპინძლობდა თბილისის „დინამოს“ საშინაო შეხვედრებს. თბილისის სპორტის სასახლე ერთ-ერთი უდიდესია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დარბაზებს შორის. 2007 წელს არენა აღადგინეს და გაიხსნა იმავე წლის 22 აგვისტოს. ეს რეკონსტრუქციის პირველი ფაზა იყო. შემდეგ შეკეთებულ იქნა ნაგებობის სახურავი და დასაჯდომი ადგილები. დარბაზის სრული რეკონსტრუქცია 5 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.