All for Joomla All for Webmasters

რიკარდო ვასკონსელოსი

რიკარდო ვასკონსელოსი – დიდი ბრიტანეთის მწვრთნელი.

რით არის მნიშვნელოვანი მომავალი ჩემპიონატი?
ეს შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველმხრივი განვითარებისთვის, რადგან ის წარმოაჩენს ჩვენს მოთამაშეებს საერთაშორისო სარბიელზე და გამოცდილებას სძენს მათ. ერთა ჩემპიონატის გარეშე ამის მიღწევა ძნელი იქნებოდა. თუ სათამაშო დონის ამაღლება ნამდვილად გვსურს, აუცილებელია კონკურენცია ჩვენი რანგის გუნდებთან, რასაც ეს შეჯიბრება სრულიად უზრუნველყოფს.

თქვენი გუნდის შანსებს როგორ აფასებთ?
ჩვენთვის რაიმე კონკრეტული შედეგების დაგეგმვა ძნელია, რადგან საუკეთესო შემადგენლობის შეკრება ვერ შევძელით. ეს მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ შეჯიბრებაში მონაწილეთა ასაკი (24 წლამდე) მეტად სპეციფიკურია. მოთამაშეთა უმრავლესობა სტუდენტია და მათ უნივერსიტეტებში გამოცდები 16 ივნისის ფარგლებში მთავრდება. გარდა ამისა, ჩვენი რამდენიმე უძლიერესი ხელბურთელი მონაწილეობს თავიანთი ლიგების (ესპანეთი და საფრანგეთი) ფლეი-ოფში და მათთვის 9 ივნისამდე დაკავებულია.

ეს სამწუხაროა და ვფიქრობ, მომავალში ჩემპიონატის თარიღების შერჩევა უფრო გულდასმით უნდა მოხდეს. შეჯიბრება ერთი კვირის შემდეგ რომ დაწყებულიყო, ზემოთნახსენები პრობლემები არ წამოიჭრებოდა. ეს გულისტკივილი ჩვენ 2017 წელს, ბულგარეთში გამოვთქვით და ვიმედოვნებთ, რომ მას მომავალში გაითვალისწინებენ. როგორც ქვეყნები სადაც ხელბურთი განვითარების გზას ადგას, ჩვენ ყველანი ვისურვებდით, რომ ამ შესანიშნავ შეჯიბრებაში, ჩვენი დონის გუნდების წინააღმდეგ მოგვეცეს საუკეთესო შემადგენლობებით თამაშის საშუალება. ზემოთ ნათქვამის გამო ჩვენთვის წარმატების მიღწევა ძნელი იქნება, თუმცა ჩვენ მოტივირებულები ვართ რათა ეს პრობლემები დავძლიოთ და ჩვენს ქვეყანას გამარჯვება მოვუტანოთ.

როგორ მიდის მზადების პროცესი?

ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს არ დასრულდება. ახლა ჩვენ ოთხწლიანი ციკლის შუაში ვიმყოფებით და ჩვენი მთავარი მიზანი რეგულარულად კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ისევე როგორც 2017 წელს, ამჯერადაც მხოლოდ ერთი 24 წელს გადაცილებული მოთამაშე გვეყოლება. იგივე მოხდა ინავარში, როდესაც ეხფ-მ შეუზღუდავი ასაკის შესარჩევი შეჯიბრება ჩაატარა. მოთამაშეებმა და სტაფმა მუხლჩაუხრელად იშრომეს, რათა გამოეყენებინათ განვითარების ყველა შესაძლებლობა, შეეფასებინათ ის, გადაეხედათ მისთვის და დაესახათ ახალი მიზნები. ამ ყველაფერს ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ.

დაასახელეთ სამი გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.
გამოკვეთილი ფავორიტია საქართველო და არა მხოლოდ „საკუთარი კედლების“ ფაქტორის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომლის მოთამაშეებიც უკვე რამდენიმე წელიწადია ერთად თამაშობენ. ის ფაქტი, რომ საქართველომ შესარჩევის მეორე ეტაპის საგზური იანვარში ვერ მოიპოვა, მას არა მხოლოდ პასუხისმგებლობას, არამედ მოტივაციასაც მატებს. თუ შემადგენლობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ძლიერი ფავორიტი უნდა იყოს კუბაც და აგრეთვე აშშ, რომლის განვითარებასაც ხსფ ყოველმხრივ უწყობს ხელს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩინეთი, რომელსაც დიდი მიზნები აქვს დასახული, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ გარკვეულ სიურპრიზებს ნაკლებად რეიტინგული გუნდებიც მოაწყობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *