All for Joomla All for Webmasters

საქართველო დიდ ბრიტანეთს შეხვდება

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს B ჯგუფში პირველი და მეორე ადგილები ოთხი ტურის შემდეგვე განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთში უნდა გაერკვიათ რომელი გავიდოდა პირველზე და რომელი მეორეზე. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა რომ უნდა გასცემოდა პასუხი კითხვას A ჯგუფის გუნდებიდან რომელს რომელი შეხვდებოდა ნახევარფინალში. საქართველომ ბულგარეთს 35:19 მოუგო და 5 თამაშიდან 10 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ამრიგად, ნახევარფინალში ქართველები ბრიტანელებს შეხვდებიან, ხოლო ბულგარელების მეტოქე იქნება კუბა.

ნახევარფინალები შაბათს, 15 ივნისს 18 და 20 საათზე გაიმართება. ჯერ ითამაშებენ საქართველო და დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი ბულგარეთი და კუბა.

ბულგარელებმა ტურნირის მასპინძლებს თავიდან თანაბარი თამაში შესთავაზეს, მაგრამ პირველი ტაიმის მე-18 წუთიდან ანგარიშის სხვაობამ ზრდა დაიწო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ქართველთაგაბ მარცხენა ინსაიდი თემურ ორჯონიკიძე, ხოლო ბულგარელთაგან მეკარე სტეფან დიმიტროვი.

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა კარასტოიანოვი:  უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მოთამაშეებს. მათ შესანიშნავად ითამაშეს როგორც პირველ ასევე მეორე ტაიმში. ისინი ჩინებული მოთამაშეები არიან. პირველ ტაიმში მეტოქეს ბრძოლა შევთავაზეთ, მაგრამ მის მიწურულს გადავწყვიტე შედარებით მსუბუქად მივდგომოდით საქმეს, რადგან ნახევარფინალში რთული თამაში გველის და გადავწყვიტე მეორე ტაიმში ბიჭები დამესვენებინა. პირველ ტაიმში ბევრი ტექნიკური შეცდომის გამო წავაგეთ. ეს შეცდომები შემდეგი თამაშებისთვის უნდა გამოვასწოროთ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი: პირველი ტაიმის საწყის 15 წუთში ჯეროვნად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე 15 წუთში გამოვასწორეთ, დაცვაში მტკიცედ დავდექით  და მეტოქის ძლიერი მხარეები გავაუვნებლეთ. ამიტომაც მოვიგეთ პირველ ტაიმში. მეტოქის ძლიერი მხარე იყო გამთამაშებელი, მარჯვენა ინსაიდი და მარჯვენა გარემარბი. შემდეგ, როდესაც ბულგარელებმა მეორე შემადგენლობა გამოიყვანეს, ჩვენ ჩვენი საქმე უკვე იოლად გავააკეთეთ. ნახევარფინალში ძლიერი მეტოქესთან შეხვედრას მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *